ჩვენ შესახებ
GAFE - საქართველოს თანასწორობის ასოციაცია 2022 წლის 28 იანვარს სტუდენტთა გუნდის მიერ დაფუძნდა. დამფუძნებელ წევრებს ჰქონდათ ღრმა მოტივაცია დაპირისპირებოდნენ იმ სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციულ ქცევებს, რომელთაც ყოველდღიურად უნივერსიტეტსა თუ სხვა ახალგაზრდულ წრეებში ხვდებოდნენ. GAFE გახდა პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც წარმოაჩინა სტერეოტიპებთან ბრძოლის საჭიროება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდულ წრეებში. გამოწვევის საპასუხოდ GAFE-ს მიზნად განისაზღვრა ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნა და თანასწორობის პრინციპის ერთგული ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერება.
დღეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს სტუდენტების უფლებათა დაცვის სერვისებს, ეწევა საგანმანათლებლო, ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართულ საქმიანობას და ქმნის სივრცეს ახალგაზრდების თვითგანვითარებისათვის. ორგანიზაციის საქმიანობის ფუნდამენტს წარმოადგენს დისკრიმინაციის მსხვერპლი სტუდენტების სამართლებრივი მხარდაჭერის სერვისი.
2024 წლის 28 იანვრისათვის GAFE-მ განახორციელა 70-მდე აქტივობა 2700-ზე მეტი სტუდენტის ჩართულობით, ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს 20-მდე სატელევიზიო ინტერვიუსა და მედია პუბლიკაციაში, სოციალურ მედია პლატფორმებზე GAFE-ს 8000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ფუნქციონირებს 5 საუნივერსიტეტო თანასწორობის კლუბი, რომელიც 100-მდე წევრ ახალგაზრდას აერთიანებს.
გაცხადებული მიზნების მისაღწევად, სტუდენტთა უფლებათა დაცვისა და მათი ცნობიერების ამაღლებისათვის ორგანიზაცია განსაკუთრებული სტრუქტურით მუშაობს. GAFE-ს სათავო ოფისი ქოლგა ორგანიზაციის როლს ასრულებს და აერთიანებს საუნივერსიტეტო თანასწორობის კლუბებს. თანასწორობის კლუბი GAFE-ს მიზნებისა და ამოცანების აღმასრულებელ რგოლს წარმოადგენს ლოკალურად უნივერსიტეტში, ის დაკომპლექტებულია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებით და რეაგირებს ადგილობრივად არსებულ პრობლემებზე. თავის მხრივ, კლუბს საკუთარი სტრუქტურა გააჩნია, მას ჰყავს ბორდის და უბრალო წევრები. ბორდის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა საუნივერსიტეტო სემესტრის განმავლობაში დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. სემესტრის ბოლოს ბორდის წევრებს, მათი ჩართულობის შესაბამისად გადაეცემათ მოხალისეობრივი საათების დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი. უბრალო წევრებს თანასწორობის კლუბი დახურულ ღონისძიებებში მონაწილეობისა და GAFE-ს გუნდში შემოერთების შესაძლებლობას აძლევს.
თანასწორობის კლუბში ბორდის წევრების მიღება სემესტრულად ხდება. უბრალო წევრთა რიგებში შემოერთება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მსურველი სტუდენტისთვისაა შესაძლებელი.
პირველად დაარსდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბი, მას მალევე შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც.
თანასწორობის კლუბები სისტემატურად სთავაზობენ სტუდენტებს დისკუსიებში, ლექციებში, დებატებში, გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას. კლუბის აქტივობების მეშვეობით მონაწილეები იღებენ მეტ ინფორმაციას ისეთი საკითხების გარშემო როგორებიცაა: დისკრიმინაცია, შრომითი უფლებები, მენტალური ჯანმრთელობა, პროფესიული ორიენტაცია და ა.შ. აქტივობების გარდა, თანასწორობის კლუბები ქმნიან კომფორტულ და ღია გარემოს, სადაც წევრს არ აქვს განსხვავებული აზრის გამოთქმის და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრის შიში.
გარდა საუნივერსიტეტო კლუბების საქმიანობის კოორდინაცია/მხარდაჭერისა, GAFE ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს, ადვოკატირებისა და კომუნიკაციის კამპანიებს, რომლებიც განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის და სცდება სტუდენტების სეგმენტს.
GAFE-ს სათავო ოფისის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო სემესტრის დაწყებამდე ტარდება გასვლითი სამუშაო შეხვედრები, „თანასწორობის სკოლები“, რომელთა ფარგლებშიც ხდება თანასწორობის კლუბების სემესტრული სამოქმედო გეგმის შემუშავება და ახალი წევრების ონბორდინგი. გასვლითი შეხვედრების ფარგლებში ხდება გუნდის წევრების გადამზადება ისეთ საკითხებში როგორებიცაა: მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, გუნდის მშენებლობა, პროექტის წერა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა ა.შ.